თბილისი (GBC) – გამოვიდა სების სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის პირველი ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:

  • ფულის შექმნა, ლიკვიდურობის მართვა და მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია: საქართველოს მაგალითი;
  • ფისკალური პოლიტიკის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე: ემპირიული შეფასება საქართველოსთვის;
  • აშშ-ის სატარიფო, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ბოლოდროინდელი ცვლილებები: პოტენციური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე; 
  • საკრედიტო დერივატივები და სეკიურიტიზაცია: ერთსახელიანი საკრედიტო ინსტრუმენტები;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საემისიო ბანკის ინსტიტუციური მოდელის შერჩევა (1918–1921).

სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი ქმნის პლატფორმას პროფესიული, სიღრმისეული და არგუმენტირებული დიალოგისთვის.

ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი - „ბანკი“ - დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით გამოიცემოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“. ამჯერად ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოდის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით „მონეტარული ეკონომიკა“.

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის რედაქცია გარე ავტორებისგან სტატიებს მიიღებს ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge