თბილისი (GBC) – Georgia Capital PLC-მ (GCAP) ₾1 მლრდ-ის კაპიტალის განაწილების ახალი პროგრამის დაწყებაზე განაცხადა, რომლის განხორციელება მიმდინარე აქციების გამოსყიდვის პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება და 2029 წლის ბოლომდე დასრულდება.
პროგრამა მოიცავს როგორც კაპიტალის დაბრუნებას აქციონერებისთვის (აქციების გამოსყიდვისა და საჭიროების შემთხვევაში, დივიდენდების სახით), ასევე ახალ ინვესტიციებს საქართველოსა და სომხეთში. პროგრამის პირველი ეტაპი იქნება $50 მლნ-ის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა. დირექტორთა საბჭოს მოლოდინით, ₾1 მლრდ-იანი პროგრამის მინიმუმ ნახევარი კაპიტალის დაბრუნებას მოხმარდება.
სომხეთში საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, კომპანია სულ უფრო მეტად განიხილავს საქართველოსა და სომხეთს, როგორც მსგავსი ეკონომიკური ზრდის მქონე ბაზრებს, სადაც შესაძლებელია ურთიერთშემავსებელ ბიზნესებში ინვესტირება. GCAP უკვე მონაწილეობს სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში Lion Finance Group-ის მიერ Ameriabank-ში განხორციელებული ინვესტიციის, ასევე სააფთიაქო ქსელის გაფართოების მეშვეობით, რომელიც ქვეყანაში უკვე 23 ფილიალს აერთიანებს.
შემდგომ განცხადებებს აქციების გამოსყიდვის ახალი ეტაპების, შესაძლო შესყიდვებისა და კაპიტალის განაწილების სხვა ინიციატივების შესახებ ჯგუფი ეტაპობრივად გამოაქვეყნებს პროგრამის განხორციელების პროცესში, 2029 წლის ბოლომდე.
ახალი პროგრამის გამოცხადებას წინ უძღოდა GCAP-ის ბალანსის მნიშვნელოვანი გაძლიერება. კომპანიამ სრულად გაათავისუფლა ჰოლდინგის დონეზე არსებული ვალი, რის შედეგადაც, მიმდინარე აქციების გამოსყიდვის პროგრამის დასრულებისა და ვალდებულებების დაფარვის შემდეგ, GCAP-ის დონეზე დაახლოებით ₾310 მლნ-ის ლიკვიდობა იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, კომპანია ელოდება ძლიერი თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირებას კერძო პორტფელური კომპანიებიდან მზარდი დივიდენდების, ასევე Lion Finance Group-ში 14.9%-იანი წილიდან მიღებული დივიდენდების წყალობით, რაც, კომპანიის შეფასებით, 2029 წლის ბოლომდე მნიშვნელოვან დამატებით ფულად რესურსს შექმნის.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დირექტორთა საბჭომ განაახლა კაპიტალის განაწილების პოლიტიკა. ყველა ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა შეფასდება იმ ალტერნატივასთან შედარებით, რასაც კომპანიის საკუთარი აქციების გამოსყიდვა და არსებული პორტფელის მიმართ დამატებითი ინვესტირება წარმოადგენს. თუმცა, რადგან ბოლო კვარტალებში GCAP-ის აქციების ფასისა და წმინდა აქტივების ღირებულებას (NAV) შორის დისკონტი მნიშვნელოვნად შემცირდა, ახალი შერჩევითი ინვესტიციები შედარებითი ამონაგების თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი გახდა და კომპანიისთვის გრძელვადიანი ზრდის დამატებით შესაძლებლობას ქმნის.
კომპანიის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში NAV ერთ აქციაზე საშუალოდ დაახლოებით 34%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად, რაც პორტფელური კომპანიების მიერ შექმნილ მაღალ ღირებულებას ასახავს.
