თბილისი (GBC) – Georgia Capital-მა (GCAP) აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში, 601,852 ჩვეულებრივი აქცია გააუქმა. დღეის მდგომარეობით კი გასაუქმებლად უკვე გამოსყიდული დამატებით 180,000 აქცია აქვს. 

ხაზინაში დაგროვებულ აქციებს თებერვლის ბოლოს გააუქმებს, თვის ჭრილში.

31 იანვრის მდგომარეობით, სააქციო კაპიტალის ოდენობამ 38,867,283 ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქცია (ნომინალური ღირებულება £0.01) შეადგინა.

ამ დროისთვის კი GCAP-ს ხაზინაში 120,000 გასაუქმებელი აქცია ეკავა, მას შემდეგ კი შესყიდვები ორი დღის განმავლობაში განახორციელა.

შეგახსენებთ, $25 მლნ-იანი აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა GCAP-მა გასული წლის 23 დეკემბერს დაამტკიცა, რომელიც დაწყებიდან 6 თვეში ან 2025 წლის AGM-მდე ჩაიხურება.

პროგრამის მიზანი სააქციო კაპიტალის შემცირებაა. ხოლო, მაქსიმალური ფასი კი, რომელსაც პროგრამის ფარგლებში გამოსასყიდ აქციაში GCAP გადაიხდის არაუმეტეს ყველაზე ბოლოს გამოცხადებულ NAV-ს თითო აქციაზე (აქტივების წმინდა ღირებულება, NAV per share).

პროგრამა შეესაბამება საბჭოს 2024 წლის 17 მაისს გამოცხადებულ განზრახვას, რომლის თანახმადაც, 2026 წლამდე, კაპიტალის დაბრუნებისთვის მინიმუმ ₾300 მლნ გამოიყოფა. ამ ინიციატივის გამოცხადების შემდეგ, $25 მლნ-იანი პროგრამის დამტკიცებამდე, $40 მლნ აქციების გამოსყიდვისთვის უკვე გამოიყენეს.

2024-ის AGM-ზე წინასწარვე განისაზღვრა, რომ GCAP-ს მაქსიმუმ 3,331,969 აქციის გამოსყიდვა შეუძლია.