თბილისი (GBC) –სებ-ის ინფორმაციით, სსფ-ს დირექტორთა საბჭოს მიერ IV მუხლის კონსულტაციების დასკვნითი ანგარიშით, ახლო აღმოსავლეთში ომი მალე დასრულების დაშვებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება და თანდათან მიუახლოვდება საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს - 5%-ს, 2028 წლისთვის. სსფ-ს აპრილის პროგნოზი 5.3% იყო.

სსფ-ის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს.

ამასთან, პოლიტიკის პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, საერთაშორისო რეზერვების გამყარება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა.

ანგარიშის თანახმად, რეალური მშპ 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა და ზრდა 026 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა, ხოლო ინფლაციამ ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9%-ს მიაღწია. ფისკალური და საგარეო ბუფერები გაძლიერდა. მმიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე , მშპ-ის 2.6%-მდე შემცირდა, საერთაშორისო რეზერვებმა სსფ-ის მიერ განსაზღვრულ ადეკვატურობის ზღვარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35%-მდეა.

სებ-ის ინფორმაციით, სსფ 2027 წლის შუა პერიოდისთვის ინფლაციის სამიზნე დონესთან დაბრუნებას ელის, სახელმწიფო ვალი კი მიმდინარე მაჩვენებლების სიახლოვეს შენარჩუნდება, თუ გაგრძელდება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა.

გაზრდილი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების პირობებში, პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია ინფლაციის სამიზნე დონემდე დაბრუნება, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დამატებითი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმები