თბილისი (GBC) – საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია როგორც ერთწლიან, ისე სამწლიან პერიოდში. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის ოქტომბრის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული.
სებ-ის კვლევის თანახმად, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, შემცირდა იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასების 6%-8%-იან ან 8%-ზე მეტ ზრდას ელოდებიან.
ამავდროულად, გაიზარდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას უფრო დაბალ, 0%-2%-ის, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში ვარაუდობენ.
მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა სამწლიან მოლოდინებშიც. ოქტომბერში შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფასების 4%-6%-იან, 6%-8%-იან ან 8%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებენ.
საპირისპიროდ, გაიზარდა იმ მონაწილეთა წილი, რომლებიც სამწლიან პერიოდში ფასების ცვლილებას 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოკითხვა ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შეფასებებსა და მოლოდინებს ასახავს.
