თბილისი (GBC) - ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს შორის არ არსებობს უმრავლესობა იმისათვის, რომ სანქციები დაწესდეს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში ჩართული მოსამართლეების წინააღმდეგ. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა 4 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
კოსის განმარტებით, ევროკომისიას არ აქვს სანქციების დამოუკიდებლად დაწესების უფლებამოსილება, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად ევროპული საბჭოსა და წევრი ქვეყნების კომპეტენციას წარმოადგენს.
„გეთანხმებით, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ ამაზე და გვიცდია. უმრავლესობა არ არის ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის, რომ სანქციები შემოვიღოთ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ახსენეთ და ძალიან ბევრი სხვას წინააღმდეგ“, - აღნიშნა ევროკომისარმა პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, გაწევრიანების პროცესში საქართველოს უკუსვლის მიუხედავად, ქვეყანა რჩება ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგის ნაწილად. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობას ცდილობს და მათ არაერთი მოწვევა გაუგზავნა, თუმცა თბილისიდან დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. კოსმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თუნდაც მცირე პროგრესი ან მოთხოვნებთან დაახლოება ევროკავშირს ურთიერთობების მართვაში ძალიან დაეხმარებოდა.
იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში სხვა კანდიდატი ქვეყნების პროგრესზეც ვრცლად ისაუბრა და ყურადღება მონტენეგროს, მოლდოვისა და უკრაინის მიღწევებზე გაამახვილა:
- მონტენეგრო: ევროკომისრის შეფასებით, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების ფინალურ ეტაპზეა და შესაძლოა 28-ე წევრი 2028 წელს გახდეს. მონტენეგრომ უკვე დახურა სამომლაპარაკებლო 21 თავი (დარჩენილია 14) და დააკმაყოფილა ყველა პირობა დარჩენილი თავების დასახურად. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რეალისტურად, შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს, ხოლო ხელშეკრულებას ხელი ყველაზე ადრე 2027 წლის ივნისში მოეწეროს.
- მოლდოვა: კოსმა მოლდოვას „კლასში საუკეთესო სტუდენტი“ უწოდა. ევროკომისიის შეფასებით, უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანამ დააკმაყოფილა პირობები ყველა დარჩენილი სამომლაპარაკებლო კლასტერის გასახსნელად, მათ შორის ისეთი რთული რეფორმის მიმართულებით, როგორიცაა მოსამართლეების შემოწმება (ვეტინგი).
- უკრაინა: ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის აგრესიული ომის 4 წლის თავზე, უკრაინა უმძიმეს პირობებში განაგრძობს რეფორმების გატარებას, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდა. ევროკომისია მოელის, რომ უკრაინასთან ყველა დარჩენილი სამომლაპარაკებლო კლასტერი წლის ბოლომდე გაიხსნება.
