თბილისი (GBC) - 3Q26-ში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ბიზნეს კლიმატის ინდექსმა 48.4 ქულა შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 ქულით მაღალი მაჩვენებელია.

ინდექსის კომპონენტების მიხედვით, ბიზნესის მომავლის მოლოდინი მნიშვნელოვნად უსწრებს მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 29.7 ქულაზე დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის ინდექსმა 68.6 ქულა შეადგინა. ორივე მაჩვენებელი დადებით ზონაშია (+100-დან -100-მდე სკალაზე), რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიტიურად განწყობილი კომპანიების წილი უარყოფითად განწყობილებს აღემატება.

სექტორულ ჭრილში, დასაქმების ბარომეტრი II კვარტალთან შედარებით 3.8 ქულით გაიზარდა. დასაქმების ზრდის ყველაზე მაღალი მოლოდინი მშენებლობის (+44.8) და მრეწველობის (+22.2) სექტორებში დაფიქსირდა. ამის საპირისპიროდ, დასაქმების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა მომსახურებისა (-9.8) და ვაჭრობის (-2.6) სფეროებში.

კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა ოპტიმისტურად უყურებს საინვესტიციო საქმიანობასაც. 2026 წელს ჯამური ინვესტიციების ზრდას კომპანიების 68% ელოდება, 27%-ს მიაჩნია, რომ ინვესტიციები უცვლელი დარჩება, ხოლო კლებას მხოლოდ 4% პროგნოზირებს.

BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და გერმანული ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელიც ყოველკვარტალურად ქვეყნდება.

აღნიშნული გამოკითხვა 2026 წლის 1-16 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.