თბილისი (GBC) – საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში სამშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და დარგობრივ მინისტრებთან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე ორი ქვეყნის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებსა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და უსაფრთხოებისა და მონიტორინგის საკითხებში დირექტორი ლევან ცხვედიანი.