თბილისი (GBC) – მიკრობანკ „კრისტალისა“ და ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) მრავალწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას მარეგულირებელი ორგანოების, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, კრისტალის პარტნიორები და ინვესტორები ესწრებოდნენ.

კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ FMO-სთან თანამშრომლობის საინტერესო ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ „კრისტალის თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება FMO-სთან არის იმის ნათელი მაგალითი, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ფინანსური მომსახურების სფერო მიკრო და მცირე მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერებისა და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების საქმეში. ველით ამ თანამშრომლობის გაგრძელებას და გაღრმავებას“.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კრისტალსა და FMO-ს შორის  ახალი, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ ხელმოწერის ცერემონია. დოკუმენტს ხელი კრისტალის უფროსმა აღმსრულებელმა ოფიცერმა ილია რევიამ და FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა რუჰი კოსგუნმა მოაწერეს.

„FMO-სთან აღნიშნული გარიგება გააღრმავებს და კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს და  ჩვენს შორის არსებულ პარტნიორობას.  ახალი 15 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მიღებით, FMO-სგან საერთო დაფინანსების მოცულობა  35 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც საშუალებას მისცემს კრისტალს ქვეყნის მასშტაბით მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ მეწარმეს გაუწიოს. FMO-სა და კრისტალის ურთიერთობამ ერთგვარი ტენდენცია დაამკვიდრა, რადგან ეს იყო პირველი რესურსი, რომელიც მიზნად ისახავდა „მწვანე“ პორტფელის განვითარებას და მას შემდეგ ის 20 მლნ ლარამდე გაიზარდა. მოხარულები ვართ, რომ დაფინანსების პარალელურად, FMO-ს გაზრდილი ტექნიკური დახმარება გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მივაღწიოთ კიდევ უფრო კარგ შედეგებს და წარმატებით განვახორციელოთ საბანკო ტრანსფორმაცია“, - აღნიშნა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.

როგორც FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა რუჰი კოსგუნმა აღნიშნა: „უკვე რამდენიმე წელია, რაც კრისტალი FMO-ს სანდო პარტნიორია. მოხარულები ვართ, კიდევ ერთხელ გავუწიოთ კრისტალს მხარდაჭერა ფინანსური რესურსით, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მასშტაბით მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებაზე. ისტორიულად, ფინანსური მომსახურების მიღმა დარჩენილი სექტორებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, კრისტალი საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ჩვენი სტრატეგიული მისია, ხელი შევუწყოთ სამუშაო ადგილების შექმნას და ინკლუზიურ დაფინანსებას.  მოუთმენლად ველით ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალური შედეგების მიღწევას!”.

ღონისძიებას ჰოლანდიის ელჩის მოადგილე,  მორის პაულუსენიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ „მძლავრი ფინანსური სექტორი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ჰოლანდიის სამეწარმეო განვითარების ბანკი FMO უკვე მრავალი წელია საქართველოს ფინანსური სექტორის მნიშვნელოვანი ინვესტორია. FMO-სა და კრისტალს შორის გაფორმებული შეთანხმება  15 მილიონი აშშ დოლარის რესურსზე დაეხმარება კრისტალს მოემსახუროს მიკრო მეწარმეებს, ქალებსა და ახალგაზრდებს.  ადგილობრივ ვალუტაში  სესხების გაცემა კი ხელს შეუწყობს გარე შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.”

ინვესტიცია ხაზს უსვამს FMO-ს ფოკუსს განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. კრისტალის მსგავსი კომპანიების მხარდაჭერით, FMO მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ინკლუზიური ფინანსური სისტემების განვითარებაში.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ, სტუმრებს ახალი ინიციატივა გაუზიარა და აღნიშნა, რომ კრისტალში დაწესდა ჰოლანდიის განვითარების ბანკის თანამშრომლის, კრისტალის მეგობრისა და დიდი გულშემატკივრის, იან ვილემ ჰუკის სახელობის ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა კომპანიის სამ გამორჩეულ თანამშრომელს, მომხმარებლებზე განსაკუთრებული ზრუნვისა და  მხარდაჭერისთვის.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი თანამშრომელი, რომლებიც იან ვილემის სახელობის ჯილდოს პირველი მფლობელები გახდნენ,  ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ. სამახსოვრო ჯილდო მათ კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ და მისი მოწვევით, საქართველოში მყოფმა იან ვილემ ჰუკის შვილებმა გადასცეს.

“კრისტალის” შესახებ:

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.

კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.

FMO-ს შესახებ:

FMO მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ჰოლანდიური ბანკია. ამბიციურ პროექტებსა და საწარმოებში ინვესტირებით, იგი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კერძო სექტორის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. FMO-ს სწამს, რომ ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის საწინდარია. 50+ წლიანი გამოცდილებით, FMO ხელს უწყობს მოსახლეობის გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. FMO-ს ძალისხმევა უმთავრესად მიმართულია 3 სექტორზე, რომლებიც განვითარების მხრივ მაღალი გავლენით გამოირჩევა, ესენია: საფინანსო, ენერგო და სოფლის მეურნეობა, საკვები და წყალი. 85 ქვეყნის მასშტაბით 12.5 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, FMO მსოფლიოს მასშტაბით განვითარების მიმართულებით მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.fmo.nl