თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის, შრომის ბაზრის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და ფისკალური პოლიტიკის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის არსებული და დაგეგმილი ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარე ანალიტიკურ სამუშაოსა და კვლევებს. მათ შორის, ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის, შრომის ბაზრის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და თანაბარი განვითარების მიმართულებებს.

ეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე ტენდენციები და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების გავლენა ეკონომიკის მდგრადობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო მიქელაძე ესწრებოდნენ.