თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის მონაცემებით, 4Q25-ში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, $229.8 მლნ-ით გაუმჯობესდა და $484.5 მლნ (₾1.3 მლრდ), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.6% შეადგინა. ჯამურად, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წელთან შედარებით, $803.9 მლნ-ით გაუმჯობესდა და $1 მილიარდს მცირედით გადააჭარბა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.6% იყო, რაც საქართველოსათვის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

4Q25-ში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.3%-ით გაიზარდა და $1.9 მლრდ (₾5 მლრდ) შეადგინა.  საქონლის ექსპორტი წლიურად 20.9%-ით, ხოლო იმპორტი 14.7%-ით გაიზარდა.

4Q25-ში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება მეტწილად მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, მომსახურების პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.1%-ით, $256.6 მლნ-ით გაიზარდა და $1,038.5 მლნ შეადგინა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 4Q25-ში $1.1 მლრდ-ს (2.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9.2%-ით მეტია.

სების ინფორმაციით, მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 4Q25-ში $418.4 მლნ, მშპ-ს 3.9% შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 4Q25-ში $357 მლნ, მშპ-ს 3.4% შეადგინა.

4Q25-ში წმინდა შემოსავლის ანგარიში -$634.5 მლნ (-₾1.7 მლრდ) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 18.4 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 9.1%-ით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 14.7%-ით გაიზარდა და 4Q25-ში $1 მლრდ-ს (₾2.7 მლრდ) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 15%-ით გაიზარდა $945.4 მლნ-მდე (₾2.6 მლრდ).

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში $374.4 მლნ (₾1 მლრდ) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.5%-ია.