თბილისი (GBC) - "კორპორაციული ობლიგაციების ძლიერი ბაზარი ტრადიციული დაფინანსების უმნიშვნელოვანესი ალტერნატივაა. ის კომპანიებს საშუალებას აძლევს, კაპიტალი უფრო ეფექტურად და პოტენციურად დაბალი ხარჯებით მოიზიდონ", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, "ბაზისბანკის" მიერ მდგრადობის ობლიგაციების გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
"ბაზისბანკმა"მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობის საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც ადგილობრივ ბაზარზე მდგრადობის ობლიგაციების პირველი გამოშვება და ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ბანკის მიერ ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული პირველი საჯარო ემისიაა.
ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, დარჩენილი ობლიგაციები კი სხვა ინვესტორებმა შეიძინეს.
"ბაზისბანკმა", მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობის საჯარო ობლიგაციების გამოშვების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პირველი გამარტივებული პროსპექტი გამოიყენა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალურად ბანკებისთვის შეიქმნა. აღნიშნული გამარტივებული მექანიზმით ფასიანი ქაღალდების გამოშვება მეტად ეფექტური ხდება, კომერციულ ბანკები დროისა და რესურსების ოპტიმიზაციას ახდენენ.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, ბაზარი მუდმივად ფართოვდება. მწვანე, სოციალური და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. 2023 წელს ექვსმა კომპანიამ გამოუშვა და 550 მლნ ლარამდე კაპიტალი მოიზიდა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ESG ობლიგაციების ბაზრის ზრდის ეს დადებითი ტენდენცია მიმდინარე და მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მოზიდული სახსრების როლი კომპანიების დაფინანსების სტრუქტურაში სულ უფრო გადამწყვეტი ხდება. ჩვენი მოლოდინით, ESG ობლიგაციები ამ სტრუქტურაში მომავალში ცენტრალურ როლს შეასრულებს", - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.
ყურადღება გამახვილდა ADB-ის როლზე და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ESG ობლიგაციების ბაზრის ზრდას უწყობს ხელს.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ADB-მ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ გამოშვებულ მწვანე, გენდერულ და მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებში ინვესტიციები განახორციელა.