თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba2 დონეზე დადასტურება და პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლებისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა - განაცხადა სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა სოფრომაძემ.

მისი თქმით, სააგენტოს შეფასება ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას დამატებით ამყარებს თანმიმდევრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. „Moody's-ის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველომ შეძლო ძლიერი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც გამყარებულია ეფექტიანი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით.

ამასთან Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ისევე როგორც სხვა წამყვანი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები  S&P Global Ratings, Fitch Ratings სტაბილურად დადებითად აფასებენ საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს  და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას.

სოფრომაძის თქმით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რისკებისა და გლობალური ეკონომიკური შოკების მიუხედავად, ცალსახაა, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, ხოლო ეფექტიანი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებულ ქმედით ნაბიჯებზე.

სოფრომაძის თქმით, Moody's აღნიშნავს, რომ სების მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, სსფ-ის რეკომენდებული რამდენიმე ღონისძიება უკვე განხორციელდა, რაც ინსტიტუციონალურ სიძლიერეზე მიუთითებს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba2-ზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.