თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის უზბეკური შვილობილი საგადახდო სერვისი Payme რეორგანიზაციის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია 10 მარტს გამოქვეყნდა პორტალზე Openinfo.uz.

რეორგანიზაცია განხორციელდება გამოყოფის (spin-off) ფორმით, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Payme-ის გენერალურ დირექტორს დაევალა ყველა აუცილებელი იურიდიული და ორგანიზაციული მოქმედების განხორციელება, მათ შორის ახალი იურიდიული პირის - TBC Tech-ის წესდების მომზადება, მართვის ორგანოების სტრუქტურის შემუშავება და სხვა თანამდევი დოკუმენტების შექმნა.

რეორგანიზაციის ინიციატორი TBC Digital-ია, რომელიც წარმოადგენს TBC Uzbekistan-ის ეკოსისტემის დედა კომპანიას.

პროცესი გულისხმობს ახალი იურიდიული პირის - შპს TBC Tech-ის შექმნას, რომელიც გადაიბარებს Payme-ის ტექნოლოგიური აქტივების და გუნდის ნაწილს.

TBC Uzbekistan-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეკოსისტემის სტრატეგიული განვითარების გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის ეფექტიანობისა და მასშტაბურობის გაზრდას.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რეორგანიზაციის მიმდინარე ეტაპი ფოკუსირებულია ეკოსისტემის IT ფუნქციების ცენტრალიზაციაზე.

2025 წლის შემოდგომაზე, ამავე სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა კომპანია TBC Operations, რომელმაც ეკოსისტემის ოპერაციული ფუნქციები გააერთიანა.

„TBC Tech-ის გამოყოფა კომპანიას საშუალებას მისცემს, ყურადღება გაამახვილოს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, დააჩქაროს ახალი სერვისების დანერგვა და გააუმჯობესოს ციფრული ფინანსური მომსახურების ხარისხი,“ -  აღნიშნეს UzDaily -სთან TBC Uzbekistan-ში.

კომპანიაში ასევე განმარტეს, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ ორგანიზაციული ხასიათისაა და Payme-ის მიმდინარე საქმიანობაზე გავლენას არ ახდენს. ყველა სერვისი სრულად აგრძელებს ფუნქციონირებას, ხოლო კლიენტებისა და პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები უცვლელი რჩება.

შეგახსენებთ, რომ TBC Bank Group-მა 2023 წელს სრულად დაასრულა საგადახდო სისტემის Payme-ის შეძენა და გახდა მისი ერთადერთი მფლობელი. თავდაპირველად, 2019 წლის აპრილში, TBC Bank Group-მა შეიძინა კომპანიის 51%-იანი წილი. მოგვიანებით, 2023 წლის მაისში, ჯგუფმა გამოისყიდა დარჩენილი 49%, რითაც მისი წილი 100%-მდე გაიზარდა.