თბილისი (GBC) – საქართველოს საბანკო ასოციაცია საწარმოებს „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადების შესახებ აფრთხილებს. ასოციაციის განცხადებით, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულმა კომპანიებმა სარეგისტრაციო მონაცემების განახლება 2026 წლის 1 აპრილამდე უნდა დაასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საბანკო მომსახურება შეეზღუდებათ.

საბანკო ასოციაციის განმარტებით, ვადის გახანგრძლივება არ იგეგმება. ვალდებულება ეხება ყველა საწარმოსა და ფილიალს, თუმცა არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებსა (ი.მ.) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე (ააიპ).

რა შეზღუდვები ელის ბიზნესს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში?

კანონის თანახმად, თუ საწარმო დადგენილ ვადაში არ მოახდენს მონაცემების ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, მას უჩერდება რეგისტრაცია. ეს ავტომატურად იწვევს საბანკო მომსახურების შეზღუდვას, რაც მოიცავს:

  • საბანკო ანგარიშის მართვის აკრძალვას;
  • ახალი ანგარიშის გახსნის შეუძლებლობას;
  • ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის შეზღუდვას;
  • კრედიტის აღების შესაძლებლობის დაბლოკვას.

„საწარმოებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და დროულად უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებული შეფერხებები“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მეწარმეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზს (032 2 405 405) ან ისარგებლონ პორტალით my.gov.ge.