თბილისი (GBC) – ამერიკული მხარე, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, უკრაინაზე ზეწოლას ახდენს დონეცკის ოლქიდან უკრაინული ჯარების გაყვანის თაობაზე, - ამის შესახებ Українська правда წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, პროგრესის არარსებობის შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა დატოვოს მოლაპარაკებები და ყურადღება ირანში წარმოებულ სამხედრო ოპერაციაზე გადაიტანოს.

„ამერიკელები ვერ ხედავენ, სად შეიძლება შევთანხმდეთ მთავარ საკითხზე. ამან შესაძლოა აიძულოს ისინი საერთოდ გავიდნენ პროცესიდან, გადაერთონ ირანზე, თავიანთ არჩევნებზე და ა.შ. ისინი მზად არიან ჩვენთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიებიც კი გასცენ, თუ დონბასიდან გამოვალთ. მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს ეს უკრაინაში, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია“, - ამბობს ზელენსკის გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც საშუალება ჰქონდა გასცნობოდა 21–22 მარტის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებს.

Українська правда წერს, აღინიშნება, რომ სამოლაპარაკო პროცესს რეალური სტარტი ტრამპისა და პუტინის საზაფხულო შეხვედრაზე, ანკორიჯში მიეცა. ამჟამად რუსეთი მუდმივად უბრუნდება აშშ-ის პრეზიდენტთან ანკორიჯში მიღწეულ „შეთანხმებებს“, რაც ბლოკავს უკრაინასთან რეალური სამოლაპარაკო პროცესის განვითარებას.

„შეხვედრებზე თითქოს სამი მხარე ზის, მაგრამ უკრაინა მუდმივად ამ ანკორიჯზე კამათობს. ანუ, რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ამერიკელები გვეუბნებიან: ‚გამოდით დონბასიდან და ჩვენ აგიშენებთ სამოთხეს, როგორც ალასკაზე შევთანხმდით‘. სამოლაპარაკო პროცესის მთავარი პუნქტი დონეცკის ოლქში უკრაინული ძალების საკითხია", - ამბობს ზელენსკის გუნდის წევრი და იქვე დასძენს, - „ჩვენები დიდ დროს ხარჯავენ იმაზე, რომ ამერიკელები როგორმე ჯარების გაყვანის იდეიდან ეკონომიკური ზონების შექმნის ან სხვა რამისკენ გადაიყვანონ. მაგრამ რაღაც მომენტში კვლავ ყველაფრის უარყოფა გვესმის: "უნდა გამოხვიდეთ", და ასე, წრეზე“.

გარდა ამისა, უკრაინა დამოკიდებულია მოკავშირეების ფინანსურ მხარდაჭერაზე.

„ევროპელები იფიცებიან, რომ ფული იქნება და უნგრეთის წინააღმდეგობას როგორმე გვერდს აუვლიან. ჩვენ ჯერჯერობით საკუთარ ბიუჯეტს ვიყენებთ, მაგრამ თუ ევროკავშირი ვერაფერს მოიფიქრებს, წლის მეორე ნახევარში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არმიისთვის ფული კიდევ ცოტა გვაქვს, სოციალური გასაცემლებისთვის კი - აღარ. და ამ დროს საერთოდ გაურკვეველი იქნება, რა უნდა ვქნათ... ამიტომ, ცხადია, რომ ბუდანოვი და არახამია უნდა დადიოდნენ, უნდა ლაპარაკობდნენ, ეძებდნენ ფორმულირებებს. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ კიდევ რამდენიმეწლიანი ომია და უკვე აშშ-ის გარეშე. არიან კი ადამიანები ამისთვის მზად? - მეშინია, რომ არა“, - ამბობს ზელენსკის გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

22 მარტს, უკრაინისა და აშშ-ის მომლაპარაკებლების შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არის სიგნალები უკრაინასა და რუსეთს შორის გაცვლების შესაძლო გაგრძელების შესახებ.

21 მარტს უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ფლორიდაში გააგრძელეს შემდგომი ნაბიჯების განხილვა სამოლაპარაკო ტრეკის ფარგლებში, ხოლო ვიტკოფმა უკრაინული და ამერიკული დელეგაციების შეხვედრას, რომელიც „გადაუჭრელი საკითხების წრის შევიწროებას“ ეხებოდა, კონსტრუქციული უწოდა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა და რუსებთან უკრაინის სამოლაპარაკო ჯგუფის წევრმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას. მან ასევე ისაუბრა სამხედრო ქვეჯგუფში მოლაპარაკებების პროგრესზე.