თბილისი (GBC) – პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სამშაბათს შემდეგი განცხადება გააკეთა: "ჩვენ პარტნიორობას ვეძებთ მათთან, ვინც ქართველი ხალხის სუვერენიტეტს პატივს სცემს - არ სცემს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს? - არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები! არ სცემს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს? - არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები! ტესტი მარტივია: - ეცი პატივი ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და გეცემა პატივი! არ სცემ საქართველოს სუვერენიტეტს პატივს, არ მოგეგება პატივი ქართველი ხალხისგან". 

პარლამენტის თავმჯდომარემ ბუდაპეშტში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ვიზიტებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უნგრეთთან პარტნიორული ურთიერთობა სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.

„უნგრეთი და უნგრეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის სუვერენიტეტს პატივს სცემს და ამიტომ მათთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, ხოლო ესტონეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემს და ამიტომ ურთიერთობების გაციებას ვხედავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან პარტნიორობისთვის მოთხოვნები მინიმალურია:

„ჩვენ ჩვენი მხრიდან პარტნიორობისთვის ყოველთვის მზად და ღია ვართ. გვაქვს ძალიან მცირე მოთხოვნები - პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს! ვინც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს, როგორიც არის ესტონეთი, ლიეტუვა და სხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყნების ხელისუფლებებთან თბილი ურთიერთობები ვერ გვექნება“.

პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა უნდა გაიაზრონ საკუთარი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლისა და ქართველი ხალხის მიმართ.

„მეგობრებო, „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით არ იზომება. ქვეყნებს შორის მეგობრობა სუვერენიტეტის პატივისცემით იზომება. არ სცემ საქართველოს სუვერენიტეტს პატივს, არ მოგეგება პატივი ქართველი ხალხისგან“, - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.