თბილისი (GBC) - სებსტატის ცნობით, ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $175.3 მლნ-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. შესაბამისად, ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $5.6 მლრდ-ს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება.

მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა.

ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

სებში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს ($920.6 მლნ) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, $420.6 მლნ-ით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.