თბილისი (GBC) - 23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, 1948 წლიდან აღინიშნება. სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. 

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს ბათუმში მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

სპორტული აქტივობების სია კი ასე გამოიყურება:

  1. მძლეოსნური გარბენი;
  2. ქვიშის ფრენბურთი;
  3. ქვიშის ჭიდაობა;
  4. ქვიშის ფეხბურთი;
  5. ქვიშის რაგბი;
  6. ჭადრაკი;
  7. მაგიდის ჩოგბურთი;
  8. ველოსპორტი;
  9. კარატე;
  10. კანოე.

სპორტული აქტივობები 10:00 საათიდან, ბათუმის ზღვისპირა პარკის, პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგ სახეობებში დაიწყება: ქვიშის ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ ბულვარში ჩატარდება შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, შეჯიბრება კანოეში ნურის ტბაზე. კარატისტები კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იასპარეზებენ.

11:30 საათზე ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვიშის სახეობების სპორტულ მოედნებთან) სტარტს აიღებს ველოგარბენი, 12:00 საათზე კი მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ორივე გარბენი (დისტანცია: 2-2,5 კმ) ანბანის კოშკთან დასრულდება.

ოლიმპიურ მძლეოსნურ გარბენში და ველოგარბენში მონაწილეთა რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე სპორტსმენები აჭარის რეგიონიდან.

ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები  გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სეოკ-ის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია. მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები.

ღონისძიების პარტნიორები არიან - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. ასევე ,,ავერსი“ და ,,თელიანი ველი“.