თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში  21,79 მლრდ ლარს აჭარბებს, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ–ის ზრდამ 9.8% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის I კვარტალში 3.4%-ით განისაზღვრა.

2025 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.6%), განათლება (27.7%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (17.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (8.7%).

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.1%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6%). შემდეგ პოზიციებს იკავებს ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.5%), დამამუშავებელი მრეწველობა (8.3%), სახელმწიფო მმართველობა (7.5%), განათლება (7.2%), მშენებლობა (6.9%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.7%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4%).

დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2025 წლის 14 ნოემბერს.