თბილისი (GBC) – პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი „არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას“. მისივე თქმით, „ოცნების“ ხელისუფლება ჰერჩინსკისთანაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება და რომ ეს რეჟიმი გაგრძელდება.

„ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება. ის აიძულეს ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როდესაც პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ის არის ტრაგიკული პიროვნება, ამ ადამიანს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ იმუშაოს ელჩად. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება", - განაცხადა კობახიძემ.

მანამდე, შაბათს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 23 ივნისს, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ და იმსჯელებენ სამ საკითხზე - ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე, სანქციების დაწესებასა და უვიზო რეჟიმზე.

მისი თქმით, ყოველთვიურ მინისტერიალზე განსახილველ საკითხებს წევრი სახელმწიფოები წყვეტენ და მათი შინაარსი წინასწარ ზუსტად არაა ცნობილი, მაგრამ „უფრო დაბალ დონეზე, ელჩების დონეზე ჩატარებული მოსამზადებელი მოლაპარაკებების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, წევრი სახელმწიფოები ამ სამ საკითხზე იმსჯელებენ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პირველი საკითხია ევროკავშირის წინააღმდეგ უზარმაზარი დეზინფორმაცია, ევროკავშირის დემონიზაცია, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხორციელდება.

მეორე საკითხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების შემოღების შესაძლებლობაა, ხოლო მესამე საკითხი ადამიანის უფლებების მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ფონზე უვიზო მიმოსვლის საკითხია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.