თბილისი (GBC) - პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ, ამჯერად, 2 ივლისს დაიბარებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომაზე წულუკიანის კომისიამ კენჭისყრის შედეგად დღეს მიიღო.

გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 16 ივნისს დაიბარეს. გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს, 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო.

პარტიამ „ გახარია საქართველოსთვის“ აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 22 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.

საგამოძიებო კომისიამ უარი განაცხადა გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.

ამავდროულად, კომისიაზე დღეს დისტანციურად გამოიკითხა გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომისიაზე პირი დისტანციურად გამოიკითხა – ასე გამოკითხეს, მაგალითად, რამდენიმე პატიმარი.

16 ივნისს თეა წულუკიანმა თქვა, რომ საკითხი შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს და გახარიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 14 აპრილს გამოკითხა. სხვა თემებთან ერთად, კომისიამ გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც დაუსვა შეკითხვები, რაზეც გახარიამ პასუხები უკვე გასცა.