თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ოთხშაბათის სხდომაზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 

სების 2025 წლის აგვისტოს  მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ.

სების მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.8% შეადგინა, რაც რეგულატორი მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდას უკავშირებს.

ეროვნული ბანკის მეორე კვარტალის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო ფარდობის გაპი უარყოფითია.

სების ანალიტიკოსების აზრით, 2025 წლის პირველ ნახევარში არსებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის გაპის დახურვის ტემპი შეანელა, თუმცა სესხების მშპ-თან ფარდობა განაგრძობს მის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ დაახლოებას. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.