თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, რომელიც სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას ეხება, ეკონომიკური ზრდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (ECA) შენელდა, თუმცა რეგიონი უწყვეტი გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე მდგრადობას ინარჩუნებს.
მსოფლიო ბანკი 2025-ში საქართველოს ეკონომიკის 7%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა, ივნისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, 1.5 პ.პ.-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
0.5 პ.პ.-ითაა გაუმჯობესებული 2026 წლის მშპ-ის ზრდის მოლოდინიც, 5.5%-მდე, ხოლო 2027 წლის პროგნოზი კი უცვლელად, 5%-ზე დარჩა.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2025-ში, სამხრეთ კავკასიაში ზრდა 3 პროცენტზე ოდნავ მეტი იქნება (3.7%), რაც ასახავს აზერბაიჯანში ნავთობის წარმოების შემცირების ფონზე შესუსტებულ ზრდას და სომხეთსა და საქართველოში ზრდის ნორმალიზებას.
სამხრეთ კავკასიაში ფულადი გზავნილების ზრდა ასევე სტაბილური რჩება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილები ნორმალიზდა 2022–23 წლების მკვეთრი ზრდის შემდეგ.
ფულადი გზავნილები სომხეთში იანვარ-ივლისში წინა წელთან შედარებით 9.2%-ით, ხოლო საქართველოში 5%-ით გაიზარდა, რადგან რუსეთიდან გადარიცხვების შემცირება - საქართველოს შემთხვევაში თითქმის 30%-ით ნაკლები - კომპენსირებული იყო ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან შემოსული ფულადი გზავნილების ზრდით.