თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს საბანკო სექტორი, ხაზინების ასოციაციასთან ერთად, ხაზინის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემა დაინერგება.
აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ბანკების ხაზინების ეფექტიანობის ზრდას, საოპერაციო და ფინანსური რისკების უკეთ მართვასა და ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფინანსური ბაზრების მუშაობა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. სისტემა მონაწილე ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ გამარტივებული პროცესებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღონ მეტად ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ უკეთ მართონ ფინანსური რისკები, მოახდინონ თავიანთი სავაჭრო საქმიანობის ოპტიმიზაცია და გაზარდონ საერთო ოპერაციული ეფექტურობა.
პლატფორმის დანერგვა გაზრდის ბაზრის მოცულობას, დერივატივების გარიგებებს და გააუმჯობესებს ფასწარმოქმნის პროცესს.
ხაზინის მართვის პროგრამული სისტემის უზრუნველყოფის პროექტში ჩართვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ხაზინების ასოციაციამ და ექვსმა კომერციულმა ბანკმა (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი და ბანკი ქართუ).
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემის დასანერგად საჭირო ჰოსტინგის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რაც ხელს შეუწყობს მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი, სტაბილური, უსაფრთხო და საიმედო გარემოს ჩამოყალიბებას. თავის მხრივ ხაზინების ასოციაცია უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით დაგეგმვას, ორგანიზებას და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას. არსებით ხარჯებს კი კომერციული ბანკები გაწევენ.
სისტემის შერჩევისას მხარეებმა შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება და არსებული პრაქტიკა, რის შემდეგაც არჩევანი საუკეთესო სისტემა MUREX MX.3 - ზე შეაჩერეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა დანერგილი აქვს 100 საერთაშორისო ბანკიდან 65-ს. მსოფლიოში პლატფორმას ყოველდღიურად 60 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.
პროექტის მომდევნო ეტაპები მოიცავს სისტემის დანერგვისა და მომსახურების დეტალური პირობების შეთანხმებას, სისტემის მორგებას მონაწილე ბანკების საოპერაციო საჭიროებებთან, რომლის დასრულებისთანავე დაიწყება წინასწარი საპილოტე ტესტირება.