თბილისი (GBC) - "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში, თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 32%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 425 ლარი დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯების 19% რეზიდენტებმა, ხოლო 81% არარეზიდენტებმა დახარჯეს. 

2025 წლის ნოემბერში, სასტუმროებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი 196 ლარი დაფიქსირდა. სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 579 ლარს გაუტოლდა.

2025 წლის ნოემბერში, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 34%-ით გაიზარდა რესტორნებში უნაღდო დანახარჯები. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 35 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯების 70% რეზიდენტებმა, ხოლო 30% არარეზიდენტებმა დახარჯეს.

2025 წლის ნოემბერში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯებში 24%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 26 ლარი შეადგინა.

ამავე თვეში, რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 66%-ით გაიზარდა გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 136 ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე თვეში რეზიდენტების მაჩვენებელს დაახლოებით 5-ჯერ აღემატებოდა.