თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) მიერ, 29 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ადიგენელმა ბიზნესმენმა შესყიდვებით და სახელმწიფო პროგრამებით ₾16 მლნ-მდე იხეირა. კერძოდ, როგორც TI-ში აღნიშნავენ, ადიგენში, სოფელ ბოლაჯურის მკვიდრს ჯაბა ჩხიტუნიძეს, რომელიც 2012 წელს, ძმასთან ერთად, საკუთარ სოფელში „ქართული ოცნების“ ოფისს ხელმძღვანელობდა (და ოფისიც საკუთარ სახლში ჰქონდათ გახსნილი), სახელმწიფოსგან ჯერ 29 ჰა-მდე სახნავ-სათესი მიწა პირდაპირი პრივატიზების ფორმით მიიღო, შემდგომ სახელმწიფომ საწყობის ასაშენებლად - 497,961 ლარი, ნარგავებისთვის - 70,000-მდე ლარი და ოთხი შეღავათიანი აგროკრედიტი - 103,551 ლარის ოდენობით დაუფინანსა.
TI-ის ცნობით, ბოლოს, აქ მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით ძალოვანი სტრუქტურების მომარაგებაზე, ბოლო ორწელიწად-ნახევარში, ჯამში, 15,033,529 ლარის სახელმწიფო შესყიდვებიც მიიღო.
„2012 წელს, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტში ოფისისთვის ფართს ვერ ქირაობდნენ, „ქართული ოცნების“ პირველი ოფისი სოფელ ბოლაჯურში, ძმების, ჯაბა და ბესიკ ჩხიტუნიძეების სახლში გაიხსნა. შტაბის ხელმძღვანელიც ბესიკ ჩხიტუნიძე იყო. მან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, შსს დაცვის პოლიციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიცია დაიკავა, თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა. 2016 წლიდან, ძმები, ჯაბა და ბესიკ ჩხიტუნიძეები ბიზნესში გააქტიურდნენ. მათ, 2023 წლამდე 5 სხვადასხვა კომპანია დააფუძნეს.
2019 წლის აპრილში, ჯაბა ჩხიტუნიძემ ბოლაჯურში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 288,351 კვ.მ. მიწა იჯარით აიღო. 2020 წელს, ამავე სოფელში შპს „აგრო ქართული ნატურალური“ დააფუძნა და ამ შპს-მ მალევე სახელმწიფოსგან ორი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანადაფინანსების ჯამი 62,601 ლარს შეადგენდა. 2022 წლის ივლისში, კი აქ, სახელმწიფო აგროპროგრამის ფარგლებში მიღებული 497,961 ლარით სასაწყობე მეურნეობაც მოაწყო.
ამ ნახევარმილიონიანი აგროსესხის მიღებამდე ორი თვით ადრე, 2022 წლის მაისში, ჯაბა ჩხიტუნიძემ სახელმწიფოსგან იჯარით აღებული 29 ჰა-მდე ფართობი, პირდაპირი პრივატიზების წესით, 461,360 ლარად იყიდა, რასაც სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. სოფლის მცხოვრებლები ნაკვეთის კერძო პირზე გადაცემას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ სოფელში საკმარისი სახნავ-სათესი ფართობი არავის ჰქონდა, ამიტომ აღნიშნული ნაკვეთი ხალხზე უნდა განაწილებულიყო. თუმცა, მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.
2023 წელს ჯაბა ჩხიტუნიძემ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, ახლად შეძენილი ნაკვეთისთვის, სახელმწიფოსგან, 7 ჰექტარზე, ხეხილის გასაშენებლად 69,999 ლარის დაფინანსება მიიღო. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა „დანერგე მომავლის“ ბაღის კომპონენტის ფარგლებში 4 ჰა-ზე ვაშლის გასაშენებლად 47,332 ლარი გადაეცა, 1 ჰა-ზე ბლისთვის - 19,082 ლარი და 2 ჰა-ზე ჟოლოს მოსაყვანად - 3,585 ლარი. გარდა ამისა, ამავე წელს, მისმა კომპანიამ „აგრო ქართული ნატურალურმა“ კიდევ ორი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანადაფინანსების ჯამი 40,950 ლარს შეადგენდა.
ამ მიწაზე მოყვანილი ხილითა და ბოსტნეულით, ამავე, 2023 წლიდან, ჯაბა ჩხიტუნიძემ ძალოვანი სტრუქტურების მომარაგება დაიწყო.
შპს „აგრო ქართული ნატურალურმა“ 2024-2025 წლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2 კონსოლიდირებული ტენდერი, ჯამში, 7,058,223 ლარზე უკონკურენტოდ მოიგო. თუმცა, როგორც აღნიშნულ ტენდერებში, ჯაბა ჩხიტუნიძის მიერ ატვირთული, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ირკვევა, 2023-2024 წლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“ ჯაბა ჩხიტუნიძის კუთვნილ შპს „აგრო ქართული ნატურალურთან“, ხილსა და ბოსტნეულზე, სპეციალური წესით, 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჯამში, 7,926,880 ლარზე.
2023-2024 წლებში, ჯაბა ჩხიტუნიძის კომპანიამ შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფისგან” 48,429 ლარის 3 პირდაპირი შესყიდვაც მიიღო.
ჯამში, ჯაბა ჩხიტუნიძემ, 2023-2025 წლებში, 8 სახელმწიფო შესყიდვით ძალოვანი სტრუქტურების ხილითა და ბოსტნეულით მომარაგებისთვის 15,033,529 ლარი მიიღო. 2020-2023 წლებში აგრო პროგრამის ფარგლებში 8 პროექტიდან კი სულ 671,511 ლარი დაერიცხა. 2020-2025 წლებში, სახელმწიფოსგან ჯაბა ჩხიტუნიძემ ჯამურად 15,705,040 ლარი მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.