თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, დღეს, 7 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების პროცესსა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც ქვეყანამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა.
მისი განცხადებით, SEPA-ში ინტეგრაცია ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველო ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის ფუნქციას ასრულებს, ხოლო ევროზონის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა და ფულადი გზავნილების მოცულობა მუდმივად იზრდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სამი ძირითადი მიმართულება გამოყო, სადაც რეფორმები პრაქტიკულად დასრულებულია:
1. საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაცია
თურნავას თქმით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო საზედამხედველო პოლიტიკისა და პრაქტიკის დაახლოება ევროკავშირის დირექტივებთან, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას ეხება. მისი განმარტებით, ამ კუთხით მიღწეული პროგრესი არაერთ საერთაშორისო რეიტინგსა და ანგარიშში აისახა, რაც ზრდის ნდობას საქართველოსა და ევროპულ საფინანსო სისტემებს შორის.
2. ვირტუალური აქტივების რეგულირება
სების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. შემუშავებული ჩარჩო საშუალებას იძლევა, რომ ვირტუალური აქტივების სუბიექტები მართულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულმა პროგრესმა საფუძველი დაუდო Moneyval-ის მიერ საქართველოს შეფასების გაუმჯობესებას მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით.
3. ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა
SEPA-ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობაა. თურნავას განცხადებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გეგმაზომიერად მიმდინარეობს მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა, რომლის ძირითადი ნაწილიც მიმდინარე წელს დასრულდება. ამასთანავე, სისტემასთან ერთად შეიქმნება ანგარიშთა ცენტრალიზებული რეესტრი, რაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი წინაპირობაა.
„მიგვაჩნია, რომ საკითხების დიდი ნაწილი შესრულებულია ან არსებობს ძალიან მკაფიო ვადები მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ გაწევრიანების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს, თუმცა გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან და იმედი გვაქვს, პროცესი დაჩქარდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველომ SEPA-ში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის სექტემბერში წარადგინა. აღსანიშნავია, რომ მოლდოვამ, რომელმაც განაცხადი 2024 წელს შეიტანა, უკვე მოახერხა სისტემის ნაწილი გამხდარიყო. SEPA-ში ჩართვა ქართულ ბიზნესსა და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ევროში ტრანზაქციები შუამავალი ბანკების გარეშე, მინიმალური საკომისიოთი და იმავე პირობებით განახორციელონ, რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ.