თბილისი (GBC) – ვენტო ენერჯი საქართველოში 43.2 მგვტ სიმძლავრის ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს. ელექტროსადგურზე ექვსივე ქარის ტურბინის მონტაჟი წარმატებით დასრულდა, რაც პროექტის განხორციელების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

ელექტროსადგურზე დამონტაჟდა Goldwind-ის ექვსი GWH182-7.2MW მოდელის ტურბინა, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7.2 მგვტ-ია. ტურბინების მონტაჟი კომპანია GOLDWIND INTERNATIONAL GEORGIA - მ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ბრეთის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ყველაზე მასშტაბური ქარის ელექტროსადგურია, რომელიც სრულად ადგილობრივი კომერციული ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე განახლებადი ენერგიის პროექტი განხორციელდა, რომელიც სულ მალე ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში. მადლობას ვუხდით ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით კი კომპანია Goldwind-ს და საქართველოს ბანკს გაწეული მხარდაჭერისა და პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, - აცხადებს ზაქარია ავალიანი, ვენტო ენერჯის დირექტორი.

„ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით და ასახავს Goldwind-ის გრძელვადიან ხედვას საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ქართულ ბაზარზე 2024 წელს შემოსვლის შემდეგ, ჩვენ უკვე გავაფორმეთ ცხრა ქარის ელექტროსადგურის პროექტზე შეთანხმება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 438 მგვტ-ს შეადგენს.  მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოში ქარის ენერგიის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას, რათა ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ვენტო ენერჯის, საქართველოს ბანკსა და ყველა პარტნიორს ნდობისა და თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს პიტერ გუო, Goldwind Georgia-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.

„ქარის ენერგიის განვითარება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად ერთ-ერთი გადამწყვეტი მიმართულებაა. ქარის ენერგიის გენერაცია ავსებს ზამთრის ენერგოდეფიციტს და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. საქართველოს ბანკისთვის აღნიშნული მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. შესაბამისად, ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებით ხელს  ვუწყობთ საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლის განმტკიცებას“, - აცხადებს ბონდო ტაბატაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

(R)