თბილისი (GBC) - ფიქსირდება თაღლითობის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები WhatsApp-ის საშუალებით ახლობლებისგან ერთი შეხედვით უწყინარ შეტყობინებებს იღებენ, თუმცა რეალურად მსგავსი შეტყობინებები ახლობლების სახელითაა გამოგზავნილი თაღლითების მიერ, მათ ანგარიშებზე დაუფლებისა და ფინანსური თაღლითობის განხორციელების მიზნით.

თაღლითური სქემა იწყება შეტყობინებით, რომელსაც მომხმარებელი ნაცნობი ადამიანისგან იღებს. შეტყობინებაში ახლობელი სთხოვს, ხმა მისცეს მის დისშვილს, რომელიც ცეკვის კონკურსში მონაწილეობს. ხმის მისაცემად მომხმარებელს ეგზავნება სპეციალური ბმული, სადაც საჭიროა მობილური ტელეფონის ნომრის მითითება და მიღებული ერთჯერადი კოდის შეყვანა.

რეალურად, აღნიშნული კოდი კონკურსში ხმის მისაცემად არ გამოიყენება. თაღლითები მას მომხმარებლის WhatsApp-ის ანგარიშზე წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მიღებულ კოდს მითითებულ ვებგვერდზე შეიყვანს, თაღლითებს შესაძლოა მიეცეთ მის WhatsApp-ის ანგარიშზე წვდომის შესაძლებლობა. ამის შემდეგ ისინი უკვე დაზარალებული მომხმარებლის სახელით აგრძელებენ კომუნიკაციას მის კონტაქტებთან და იმავე შინაარსის შეტყობინებებს აგზავნიან.

სქემა სწორედ ნაცნობი ადამიანის მიმართ არსებული ნდობის გამოყენებაზეა აგებული. მომხმარებელი შეტყობინებას იღებს იმ ადამიანის ანგარიშიდან, რომელსაც იცნობს, რის გამოც ნაკლებად ეჭვობს, რომ გამოგზავნილი ბმული შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს. ამ გზით თაღლითური შეტყობინებები სწრაფად ვრცელდება მომხმარებლებს შორის.

თუმცა, ანგარიშზე წვდომის მოპოვება თაღლითური სქემის მხოლოდ პირველი ეტაპია. ამის შემდეგ თაღლითები გატეხილი ანგარიშის მფლობელის სახელით მის კონტაქტებს თანხის გადარიცხვას სთხოვენ.

დაფიქსირებული შემთხვევების მიხედვით, თაღლითები ძირითადად ერთსა და იმავე ისტორიას იყენებენ: თითქოს მათი ახლობელი ექიმთან იმყოფება, თანხა დააკლდა და გადაუდებლად სჭირდება დახმარება. თანხის ჩარიცხვისთვის კი კონკრეტულ საბანკო ანგარიშს უთითებენ.

მსგავსი შეტყობინებები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან თაღლითები ადამიანების ნდობითა და დახმარების სურვილით სარგებლობენ.

გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

  • არ გააზიაროთ ერთჯერადი ავტორიზაციის კოდები: არასდროს შეიყვანოთ WhatsApp-ის ან სხვა აპლიკაციის ავტორიზაციის კოდი უცნობ ვებგვერდზე და არ გაუზიაროთ ის სხვა პირებს, მათ შორის, ახლობლებს;
  • არ მიჰყვეთ ბმულებს: თუ ნაცნობი ადამიანისგან მიიღეთ კონკურსში ხმის მიცემის ან სხვა აქტივობაში მონაწილეობის თხოვნა, ბმულზე გადასვლის ნაცვლად, მოიძიეთ ღონისძიების ოფიციალური გვერდი და იქ გააგრძელეთ აქტივობა;
  • გადაამოწმეთ თანხის მოთხოვნის ნამდვილობა: თუ ახლობელი WhatsApp-ის საშუალებით თანხის სასწრაფოდ გადარიცხვას გთხოვთ, დაუკავშირდით მას სატელეფონო ზარით ან სხვა სანდო საკომუნიკაციო არხით და დარწმუნდით, რომ თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა ნამდვილად მისგან მიიღეთ;
  • გაააქტიურეთ დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციები: WhatsApp-ის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალების პარამეტრებში ჩართეთ ორსაფეხურიანი ავტორიზაცია (Two-step verification), რაც ანგარიშის დაცვის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს;
  • შეამოწმეთ დაკავშირებული მოწყობილობები: WhatsApp-ის პარამეტრებში, Linked Devices განყოფილებაში, გადაამოწმეთ, ხომ არ არის თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული უცნობი მოწყობილობა და აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წაშალეთ ის; პერიოდულად გადაამოწმეთ დაკავშირებული მოწყობილობების ნუსხა;
  • გააფრთხილეთ კონტაქტები: თუ ეჭვობთ, რომ თქვენს WhatsApp-ის ანგარიშზე სხვა პირმა მოიპოვა წვდომა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ახლობლებს და გააფრთხილეთ, არ ენდონ თქვენი სახელით მიღებულ საეჭვო შეტყობინებებსა და თანხის მოთხოვნებს;
  • განაახლეთ მოწყობლობები: ინტერნეტ-დაკავშირებული ყველა თქვენი მოწყობილობა განაახლეთ სისტემატიურად, რომ დროულად ამოქმედდეს მათზე უსაფრთხოების გასაძლიერებელი განახლებები;
  • გააზიარეთ ინფორმაცია თაღლითური სქემის შესახებ: გააფრთხილეთ ოჯახის წევრები და ახლობლები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მსგავსი ტიპის შეტყობინებებს შესაძლოა ნაკლები სიფრთხილით მოეკიდონ.

გახსოვდეთ, ნაცნობი ადამიანის ანგარიშიდან მიღებული შეტყობინება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მას ნამდვილად თქვენი ახლობელი გიგზავნით. საეჭვო ბმულების, ერთჯერადი კოდებისა და თანხის გადარიცხვის მოთხოვნების გადამოწმება დაგეხმარებათ როგორც პირადი ანგარიშის, ისე ფინანსური უსაფრთხოების დაცვაში.