თბილისი (GBC) – საქართველოს რკინიგზა სალოკომოტივო პარკის განახლების პროცესს იწყებს, რომლის ფარგლებშიც კომპანიის პარკს 10 ახალი სამანევრო თბომავალი შეემატება. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი თბომავლების შესყიდვა კომპანიას საშუალებას მისცემს, გაზარდოს საოპერაციო შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობა და საიმედოობა.

ლაშა აბაშიძის თქმით, ახალი სამანევრო თბომავლები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ციფრული სისტემებით, გამოირჩევა ენერგოეფექტურობით და სრულად აკმაყოფილებს გარემოსდაცვით სტანდარტებს.

„ახალი სამანევრო თბომავლების საშუალებით უკეთესად შევძლებთ ტვირთების მომსახურებას, ასევე გავაუმჯობესებთ სადგურებზე მიმდინარე ოპერაციებს. ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად სრულად გავაჯანსაღოთ საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკი“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.