თბილისი (GBC) –  საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კვლავ გავრცელდა დეზინფორმაცია „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით. 

„მეორე ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.

სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში.

სიმართლე კი მარტივია:

  • ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ;
  • რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ", - წერს აშშ-ის საელჩო.

ცნობისთვის, ერთ ერთი პოლიტიკოსი, ვინც ბოლოს " მეორე ფრონტის გახსნა" ახსენა, არის დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. თბილისის მერმა დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ძალადობა და დაპირისპირების ფაქტები გახშირებულია.

კახა კალაძის განცხადებით, გარკვეულ საარჩევნო სუბიექტებს ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და საარჩევნო კამპანიას კონკრეტულ საელჩოებში ატარებენ.

„ახლა ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ბევრს ამის საშუალება არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ რა ნამუსით უნდა შეხვდნენ მოსახლეობას, რა უნდა უთხრან? როდესაც გინდა, რომ ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, გინდა მეორე ფრონტის გახსნა, როდესაც პირდაპირ მოწოდებებს აკეთებ სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, ყველაფერს ცდილობ იმისთვის, რომ ხალხი და შენი ქვეყანა დააზიანო, რა ნამუსით უნდა მიხვიდე ხალხთან? შესაბამისად, ველზეც ვერ გადიან, ზოგიერთ საელჩოში დარბიან და იქ ატარებენ საარჩევნო კამპანიას. ხალხი მათ შესაბამის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, 2024 წლის 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოში სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.