თბილისი (GBC) - „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა გასულ ღამეს, ფორმულას გადაცემაში განაცხადა, რომ ის რაც ხდება საქართველოში აგონებს, 90-იანების პერიოდს. მისი თქმით, საქართველო სრულად არის ინტეგრირებული იმ ბიზნეს გარემოზე და სივრცეზე, რომელიც ევროპიდან მოდის. "ჩვენი იზოლაცია, როგორც საერთაშორისო, ისე ბიზნეს პარტნიორების მხრიდან მიგვიყვანს იმ სავალალო შედეგამდე, რასაც ჰქვია ნდობის დაკარგვა", - განაცხადა ყარალაშვილმა.

"სტატისტიკაც გაჟღერდა რამდენჯერმე, რეზერვების წვა, შემცირებული ინვესტიციები, გაურკვეველი მოლოდინები, არცერთი მსხვილი პროექტი არ ხორციელდება საქართველოში... მე წარმოვადგენ ჯგუფს, რომელსაც $300 მლნ-ზე მეტი აქვს ინვესტირებული ქვეყანაში. დღეს ამ ხალხთან ჩვენს ფრანგ, ბრიტანელ, ჰოლანდიელ პარტნიორებთან ძალიან გვიჭირს კომუნიკაცია და იმაზე საუბარი, რომ ამ ქვეყნისკენ შეიძლება რაღაცა შემოტრიალება მოხდეს და სიტუაცია გაუმჯობესდეს", - თქვა ყარალაშვილმა ფორმულასთან საუბარში. 

მისი თქმით, ეს რისკები გააზრებული არ აქვს სამწუხაროდ  ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს და ის უფსკრული, საითკენაც მიექანება ეს ქვეყანა, დროთა განმავლობაში აქედან ამოსვლა, უფრო და უფრო რთული იქნება.

ყარალაშვილმა ისაუბრა მედიაზეც, მისი თქმით, ის, რაც დამართეს "ტვ პირველის" ჟურნალისტს და ოპერატორს, სრული კატასტროფა იყო. 

"ის, რაც მოხდა 7 ნოემბერს, ამ რეჟიმმა ზუსტად იგივე სახე მიიღო. 9 წლიანი სისხლიანი პერიოდი, 10 -დღიანმა სისხლიანმა პერიოდმა გადაფარა. ამას ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა, არ შეიძლება წყნარად უყუროს. ხშირად გვისვამენ კითხვას, ბიზნესს რა შეგვიძლია, რა რესურსი გაგვაჩნია? - მართალია, დღევანდელი რესურსი რაც გვაქვს მცირდება მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს იმის რესურსი, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, უფრო აქტიურები ვიყოთ", - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა "ფორმულასთან". 

ყარალაშვილმა იმედი დაიტოვა, რომ უახლოეს მომავალში იხილავს ბევრად აქტიურ ბიზნესს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებში და კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება.