თბილისი (GBC) - საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რომ "დიდი ბრიტანეთი გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელებულ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს".

განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი უერთდება გერმანიას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესახებ.

„[თავდასხმები] წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლეს მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას – იმ პარტნიორების, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგნენ.

ჩვენ ვუერთდებით გერმანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესახებ“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

11 სექტემბერს გერმანიის ელჩს სოლიდარობა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც გამოუცხადა.

„როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას“, - წერდა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გერმანიის ელჩი თბილისში [პეტერ ფიშერი] ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს“.

„ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დეზინფორმაციისა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივების გავრცელებით ის აქტიურად უთხრის ძირს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს“, - ვკითხულობდით განცხადებაში.