თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ოთხი მაღალჩინოსნის დასანქცირების მიზეზებს განმარტავს. საელჩოს თქმით, "დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორს. ასევე საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, რომელმაც ძირფესვიანად არ გამოიძია მომიტინგეების დარბევის ფაქტები".

"გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ. სანქციები მათ შორის დაუწესდათ საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სპეციალური საგამოიძებო სამსახურის უფროსს, ვინაიდან მათ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზედმიწევნით არ გამოიძიეს სერიოზული ძალადობის ფაქტები.

გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც გამოწვეული იყო საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ქმედებებით. საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო აქციების აგრესიული დარბევა, თავდასხმები და თვითნებური დაკავებები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

დღევანდელი განცხადება 2024 წლის დეკემბერში გამოცხადებული სანქციების გაგრძელებაა, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფოს ადამიანის უფლებათა დაცვის რეგულაციების შესაბამისად საქართველოს თანამდებობის ხუთ პირს დაუწესა, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობისთვის.

ჩვენი ქმედებები თანხვედრაშია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო საქმიანობასთან, რომლის მიზანია დაიცვას ადამიანის უფლებები რათა შემცირდეს გლობალური არასტაბილური გარემო და მოხდეს საფრთხეების არიდება გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად - ეს პრემიერ მინისტრის „ცვლილებების გეგმის“ ფუნდამენტური ნაწილია", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩო განცხადებას თან ურთავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამმის განმარტებას, რომელსაც GBC უცვლელად გთავაზობთ:

„მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.

დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“.

ინფორმაციისთვის, დიდმა ბრიტანეთმა დღეს გლობალური სანქციების რეჟიმის პირობებში სანქციების სია განაახლა, სადაც საქართველოს ოთხი მაღალჩინოსანი შეიყვანა. 

დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდნენ:

  • შალვა ბედოიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") მოადგილე;
  • კოკა კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  • გიორგი გაბიტაშვილი - გენერალურ პროკურორი.