თბილისი (GBC) - დანიამ საქართველოს სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამა შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 30 ივლისს ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განუცხადა. დეპუტატი დაეყრდნო დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ წერილს.
„პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდგომ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
სამხედრო დახმარების პროგრამა გასულ, 2023 წელს, დაიწყო. მისი მოცულობა იყო 71,5 მილიონი დანიური კრონი, რაც 28 მილიონ ლარზე მეტია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები და სხვა აქტივობები.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამის შეჩერებას ხსნის ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებით, როლის მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო გადაიხედება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ფინანსური დახმარებების საკითხი.