თბილისი (GBC) – აშშ-ის ელჩის საქართველოში რობინ დანიგენის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებები, მისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, დეზინფორმაცია აშშ-ის შესახებ და ის განცხადებები, რომლებიც სამშაბათს გააკეთა პრემიერ–მინისტრმა, არ ეხმარება ქართველ ხალხს. ელჩის თქმით, "მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ".
"მოკლედ ვიტყვი - საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა - არც ერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო", - თქვა რობინ დანიგენმა.
ამასთან, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი წერს: "მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. ნამდვილად გსურთ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ".
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, გუშინ, 17 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგენს შეხვდა.
კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა.