თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრის დღის წესრიგში ევროპის უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომი, ევროპაში რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებები, უკანონო მიგრაცია და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში ჩაერთვება, რომელიც ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას შეეხება.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაური ისაუბრებს ევროპაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე. საქართველო კი სამიტის ფარგლებში რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას შეუერთდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ევროპაში დღეს არსებულ გამოწვევებზე. ეს შეეხება უკანონო მიგრაციას, ნარკოტიკებთან ბრძოლას და მიმდინარე ომს, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ევროპის ეკონომიკაზე. საქართველო ასევე შეუერთდება რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკებთან ბრძოლას შეეხება“, — განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა დუბლინში.

მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მესამე შეხვედრაში, სადაც საქართველო შესაბამის განცხადებას შეუერთდება. ასევე, ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც შეუერთდება.

უკრაინის ომი და რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებები - სამიტის მთავარი თემები

დუბლინში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში 45-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის ომია, ასევე ევროპის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები.

სამიტის დღის წესრიგშია ევროპის კონკურენტუნარიანობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და მიგრაციაც. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს.

სამიტის კონტექსტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ვაშინგტონის მცდელობა, რუსეთთან უკრაინის ომის დასრულების პარალელურად ევროპის უსაფრთხოების საკითხზეც მიაღწიოს შეთანხმებას.

როგორც Axios-ი იუწყებოდა, აშშ-ის წარმომადგენლებმა რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმების პროექტის მომზადება სთხოვეს. ვაშინგტონი მოსკოვისგან არა მხოლოდ მის მოთხოვნებს, მათ შორის ნატოს გაფართოებისა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნის შეზღუდვის საკითხებზე, არამედ დეესკალაციის საპასუხო ნაბიჯების ჩამოყალიბებასაც ელოდება.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი პუტინთან შეხვედრის შემდეგ მოსკოვის პოზიციის გასარკვევად და რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპის მონაწილეობის საკითხის განსახილველად მუშაობას გააგრძელებენ.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ევროპისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე რუსეთთან შეთანხმება არ შედგება და მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ ექნება. თუმცა, აშშ-ის მიდგომას ევროპული მთავრობების ნაწილი უნდობლობით უყურებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უარყო მოსაზრება, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა ომის დასრულების გზაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი გააფრთხილა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომ მსგავსი ინიციატივა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან რუსეთი ომის შეჩერების ნიშნებს არ აჩვენებს.

ევროპის უსაფრთხოება - დუბლინის სამიტის ფართო დღის წესრიგი

სამიტის მონაწილეები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და მიგრაციის საკითხებს. შეხვედრის ფარგლებში მოსალოდნელია რამდენიმე ერთობლივი განცხადების მიღებაც.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო სწორედ ამ პროცესში ჩაერთვება და შეუერთდება ევროპის უსაფრთხოების, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და უკანონო მიგრაციის შესახებ განცხადებებს.