თბილისი (GBC) - ჩინეთის ხალხის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი 6-12 ნოემბერს თურქეთსა და საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ პეკინში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაო ნინგმა განაცხადა.

თურქეთში ვიზიტისას, ჰან ჟენგი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განსაკუთრებული წარმომადგენლის რანგში, მონაწილეობას მიიღებს კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში დაგეგმილ ანტალიის ლიდერთა სამიტში. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, პეკინი მზადაა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიცვას მრავალმხრივობის პრინციპი და ხელი შეუწყოს სამიტის წარმატებით ჩატარებას.

თურქეთის შემდეგ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს ეწვევა. საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბრისას მაო ნინგმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ბოლო წლებში, ორი ქვეყნის ლიდერების მიერ დასახული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, ხელი შეუწყო ნდობის გამყარებას და თანამშრომლობამ სხვადასხვა სფეროში კონკრეტული შედეგები გამოიღო“, - აღნიშნა მაო ნინგმა.

ვიზიტის ფარგლებში ჰან ჟენგი საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის შემცველ საერთაშორისო თუ რეგიონულ საკითხებს განიხილავს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინური მხარე მზადაა, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით შეასრულოს უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები, გააღრმავოს ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები და ხელი შეუწყოს ურთიერთობების მდგრად განვითარებას.