თბილისი (GBC) – 45-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი დუბლინში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეცხრე სამიტზე იკრიბება. ამის შესახებ Euronews იუწყება.

სამიტის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპაში რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ირლანდიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ ჩავლენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დელეგაციებთან რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს და პლენარულ სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე დაესწრება ღონისძიებას „უკრაინის მეგობრები“ (Friends of Ukraine), რომელსაც ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი უხელმძღვანელებენ.

ტელეარხის კორესპონდენტის ინფორმაციით, ირლანდიის პოლიცია გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი და „ყველა შესაძლო სცენარისთვის“ ემზადება. ამის მიზეზი ირლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ასობით სკოლაში გუშინ დილით ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებული ცრუ შეტყობინებები გახდა.

სამიტის დღის წესრიგში ასევე შედის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხები. მოსალოდნელია იტალიის, დანიისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებაც.