თბილისი (GBC) – ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ (97-მა წევრმა თავი შეიკავა) მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. დოკუმენტი ევროპარლამენტის ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა (EPP, S&D, ECR, Renew და Greens/EFA) შეიმუშავა, ხოლო საქართველოს საკითხი ირანსა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებთან ერთად განიხილეს.
რეზოლუციით ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით განადგურება შეუთავსებელია დემოკრატიასთან. ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს და ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და სავიზო შეზღუდვები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე. დოკუმენტში კონკრეტულად დასახელებული არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ასევე ითხოვს:
- ყველა პოლიტპატიმრისა და მშვიდობიანი პროტესტის გამო დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას;
- პოლიტიკურად მოტივირებულ „საბოტაჟის“ საქმეებზე ბრალდებების შეწყვეტას;
- იმ ნორმების გაუქმებას, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიმართ არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა;
- კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად გამოყენების შეწყვეტას;
- ევროპული პოლიტიკური ფონდების (მათ შორის „კონრად ადენაუერისა“ და „ფრიდრიხ ნაუმანის“ ფონდების) საქმიანობისთვის ხელის შეშლის დასრულებას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. ევროპარლამენტი ავალებს თავის პრეზიდენტს, აღნიშნული რეზოლუცია გადასცეს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს ხელისუფლებას.
