თბილისი (GBC) - „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, "20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს - მას შემდეგ 6 წელი გავიდა, 4 წელი კი ხელისუფლებაში აღარ ვარ - ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო".
მისი თქმით, ფართო კონტექსტისთვის, საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმეზე, მასთან ერთად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს.
„20 ივნისზე ასევე იყო დაწყებული გამოძიება იმასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ვინ გასცა პარლამენტის შენობის შტურმზე ბრძანება. ეს გამოძიება ჩვენ დაწყებული გვქონდა და ეს გამოძიება დღეს შეჩერებულია. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში, უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ, იუსტიციის მინისტრობის დროს არის გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასალები არის სრულყოფილად გაგზავნილი. გავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება. ძალიან კარგად მესმის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ჰააგა სხვების საქმეებთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში.
ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, დიდი ხანია ვითხოვდით, რომ ეს გამოძიება, რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო. სტრასბურგმა დაადგინა, მიანიშნა, რომ არ არსებობდა სამწუხაროდ, ფართო კონტექსტის გაანალიზების შესაძლებლობა.
რაც შეეხება ფართო კონტექსტს - ფართო კონტექსტის ნაწილში აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის სასამართლოზე უფრო დიდი და დასაბუთებული ინტერესი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. ისინი იმსახურებენ 20 ივნისთან დაკავშირებით, ფართო კონტექსტის შესახებ უფრო მეტი ცოდნის, ინფორმაციის არსებობას და წვდომას, იმისთვის რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთონ. რაც შეეხება ფართო კონტექსტს - მე ვთვლი, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი“, - განაცხადა გახარიამ.
გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა.
„ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს - გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში,“ - განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე: ვინ გასცა სპეციალური საშუალებების [რეზინის ტყვიების] გამოყენების ბრძანება, გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ვინ გასცა სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება.
„მე რომ მცოდნოდა, [ჩემთვის] ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ასეთ ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს, გამოძიებას შევატყობინებდი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.