თბილისი (GBC) – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ორშაბათს მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერ ტელევიზიასა და ფორმატში, მათ შორის „ერთი ერთზე“ პრინციპით, დებატებში დაუპირისპირდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. პარტიის განცხადებით, დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ისინი მკაცრად აკრიტიკებენ „რუსთავი 2“-ის მიერ შეთავაზებულ მოდელს, სადაც მმართველი გუნდი ე.წ. „სატელიტ პარტიებთან“ ერთად მონაწილეობს, რაც გახარიას პარტიაში "დებატების ნაცვლად პროპაგანდისტულ ფარსად მიაჩნიათ".

პარტიის განცხადებით, „თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება“.

„დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა - დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში. დებატებზე უარი სამწუხაროდ “ოცნებამ” თავადვე თქვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ არხებზე დებატების გახსნას. თუმცა შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ დებატების მნიშვნელობას ფორმატი და შინაარსი განაპირობებს. ის, რაც „რუსთავი 2-მა“ 2 თებერვლის დებატების სახით შემოგვთავაზა, სადაც „ოცნებას“ საკუთარი სატელიტი პარტიების დასწრება სჭირდება - დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა.

თუ „ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ - ჩვენ მზად ვართ ერთი ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ, ნებისმიერ ტელევიზიაში“, - აღნიშნულია პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1-ელ თებერვალს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით ყველასთან გამართოს დებატები.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოფიციალურად დააფუძნა 2021 წლის 29 მაისს, "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას მიერ. 

მანამდე, 2017 წლის 13 ნოემბრიდან – 2019 წლის 3 სექტემბრამდე იგი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი. 2019 წლის 3 სექტემბრიდან – 2021 წლის 18 თებერვლამდე, გიორგი გახარიას ეკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.

2021 წლის 18 თებერვალს გახარია მოულოდნელად გადადგა. მიზეზად დაასახელა შეუთანხმებლობა გუნდთან ნიკა მელიას (მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე) დაკავების საკითხზე. მან აღნიშნა, რომ კანონის აღსრულება არ უნდა ხდებოდეს მოქალაქეების უსაფრთხოების რისკის ფასად.

ამ ნაბიჯის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მას საჯაროდ უწოდა „მოღალატე“, რამაც საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი გახარიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

გიორგი გახარიაზე სისხლისსამართლებრივი დევნა ოფიციალურად 2025 წლის 12 ნოემბერს გამოცხადდა. საქმე ეხება 2019 წლის მოვლენებს, კერძოდ, „გავრილოვის ღამეს“ და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდებს. 

2025 წლის 13 ნოემბერს, თბილისის სასამართლომ ჩორჩანას საქმეზე მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გახარია ამჟამად გერმანიაში იმყოფება.