თბილისი (GBC) - საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და "სამწუხაროდ, სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას".

ასევე, საელჩოს განცხადებაში მოყვანილია გერმანული მხარის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, 26 იანვარს გაკეთებული განცხადებაც, სადაც ბერლინი თბილისს რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ, გერმანია საქართველოს რეკომენდაციას უწევს რიგი კანონების გაუქმების ან ცვლილებების შესახებ.

„საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა ვალდებულებებს მოიცავს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას - ე.წ. Universal Periodic Review (UPR), რომელიც ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს. ეს პროცედურა ეფუძნება გაეროს ქარტიას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა კონვენციებს და შესაბამის შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

საქართველოს შემოწმება ახლახან განხორციელდა. გერმანიამ განცხადება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით. საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენდა სამწუხაროდ სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას.

ჟენევა, 2026 წლის 26 იანვარი:

გერმანია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების სწრაფად გაუარესებული მდგომარეობის გამო, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების ჩათვლით, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების ბოროტად გამოყენების გზით.

გერმანია წუხილს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებთან დაკავშირებით.

გერმანია რეკომენდაციებს უწევს საქართველოს, გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები, მათ შორის პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, და უზრუნველყოს მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე, კომპენსაციასა და რეაბილიტაციაზე წვდომა;

მოხსნას სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის დაბრკოლებები, მათ შორის გააუქმოს ან შეცვალოს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები;

გადახედოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ამჟამად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, რათა ისინი შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართალთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშთან;

გააუქმოს ან ძირეულად შეცვალოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები“, - ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანია, იმ 24 ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც გუშინ, 29 იანვარს, აამოქმედა ეუთოს (OSCE) "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შემსწავლელი ექსპერტთა მისიის დასაწყებად.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გაააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.

ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.

“როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ, საქართველომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებები აიღო. მან ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა საკვანძო ფაქტორია მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის, რაც საჭიროა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ: "2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებაში “ვენის მექანიზმი” გაააქტიურა, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოეხატათ და მეტი ინფორმაცია მოეთხოვათ, თუმცა, განცხადებაში აღინიშნება, რომ მას შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანური მიმართულებით საერთო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის მხრივ მათი შეშფოთება მხოლოდ გაიზარდა”.

“ვადასტურებთ 2025 წლის განმავლობაში ჩვენს დელეგაციებთან საქართველოს ჩართულობას, კონსტრუქციული მიდგომის სულისკვეთებით ჩვენმა დელეგაციებმა დღეს ოდირის დირექტორს მისწერეს. ხაზს ვუსვამთ, 2024 წლის “ვენის მექანიზმში” დაყენებულ კითხვებზე საქართველოს პასუხს და საქართველოს მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას, “მოსკოვის დოკუმენტის” მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის კეთილი ნებისა და მზაობის დემონსტრირება იქნება.

სხვა ყველაფერთან ერთად მისი მიზანი იქნება: საქართველოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ ბოლო მოვლენების დოკუმენტირება; ამ მოვლენების ზეგავლენის შეფასება მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს უსაფრთხოების ეუთოს ყოვლისმომცველ განმარტებას; მოგვცეს რეკომენდაციები თუ როგორი რეაგირება უნდა მოხდეს შემაშფოთებელ საკითხებზე”, - ნათქვამია დელეგაციების მიერ ეუთოს დირექტორისადმი გაგზავნილ წერილში.