თბილისი (GBC) - სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა თბილისის ვეტერინარულ კლინიკებში ჩატარებული კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა 8 ვეტერინარულ კლინიკაში: შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა“, ინდმეწარმე დ. ს., შპს ვეტერინარული კლინიკა „ვეტ.არტ“, შპს ,,დტნბ’’, შპს „ზარავეტ“, შპს „ვეტცენტრი ზოოპლაზა“, ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს „ვეტ. საავადმყოფო“.
"ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა 2 კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.