თბილისი (GBC) – „ქართული ოცნებისთვის“ მოსკოვთან დაახლოებიდან სარგებელი ბუნდოვანი და არაგარანტირებულია, მაშინ, როდესაც რისკები სავსებით რეალურია. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ვითარებას სწორედ ასე აფასებენ თავად „ქართულ ოცნებაში“, რომელიც შეცდომებს ერთი–მეორის მიყოლებით უშვებს. ამის შესახებ დამოუკიდებელი ჟურნალისტი ალეკსანდრ ატასუნცევი „კარნეგის ფონდისთვის“ მომზადებულ ანალიტიკურ სტატიაში წერს. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებისა და საქართველოდან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი გააოცა. ბოლო წლებში ხომ ყველა მიეჩვია, რომ რუსეთს მეზობლებისგან რაც სურს, ყველაფერს მათრახით იღებს, აქ კი უცებ ტკბილეულით უმასპინძლდებიან.

კრემლის მიერ თბილისისკენ გადადგმული ეს ნაბიჯები, რომლებსაც მოსკოვში „ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილება“ უწოდეს, როგორც ჩანს, საქართველოსთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე მიიღეს, როგორც კეთილი ნების უანგარო ჟესტი.

თუმცა, ურთიერთობების დალაგებაზე ასეთი მიწვევა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს. ახლა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწევს რამენაირი რეაგირება მაინც მოახდინოს კრემლის გადაწყვეტილებაზე. თან რეაგირება ისეთი უნდა იყოს, რომ არც ოპოზიციის კრიტიკით დაზარალდეს და არც ევროპული პერსპექტივების გარეშე დატოვოს საქართველო, რომლის სანაცვლოდაც მოსკოვიდან ღირებული არაფერი მიუღია.

„ოცნების“ კრიტიკა

რუსეთის ამ ჟესტის გამო საქართველოს ხელისუფლებისთვის წარმოქმნილი რისკები უკვე თვალსაჩინოა. პუტინის განკარგულებებმა და მათზე „ქართული ოცნების“ პოზიტიურმა რეაქციამ მათ წინააღმდეგ არა მხოლოდ ოპონენტები აამხედრა, არამედ საქართველოს პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ოცნების“ მხარდაჭერით აირჩიეს, კრემლი დაგმო და პუტინის ამ გადაწყვეტილებას „პროვოკაცია“ უწოდა.

ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების წინააღმდეგია ოპოზიციაც. უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიტინგი გამართა, სადაც გაჟღერდა, რომ ხელისუფლება საქართველოს „რუსულ გუბერნიად“ აქცევს. მთავარი გზავნილი კი ისაა, რომ რუსეთი ასეთი ქმედებით „ქართულ ოცნებას“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ასაჩუქრებს, რის გამოც ქვეყანამ შესაძლოა ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა დაკარგოს.

ოპოზიციის ამ განცხადებას კი წყალს ის გარემოება უყენებს, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს. და ეს 2010 წელს მოხდა, როდესაც აგვისტოს ომიდან 2 წელიც არ იყო გასული. 2012 წელს კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

სიმართლე, საერთაშორისო კონტექსტი და თვით რუსეთიც იმ წლებში სულ სხვა იყო. მაშინ სააკაშვილის გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს და მის წითელ ხაზებს ეხებოდა. დღეს კი მოსკოვთან ურთიერთობა გაცილებით პრინციპული საკითხია.

„ქართული ოცნებისთვის“ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში დიდ საფრთხეს შეიცავს კრემლის გადაწყვეტილებაზე დასავლეთის რეაქცია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერად გამოდის.  რუსეთს კი პირიქით – მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ. ამიტომ, მოსკოვთან დაახლოებით არჩევნებზე ხმებს ვერ მოაგროვებ. თუ მოსკოვთან ზედმეტი შეთამაშებები ევროკავშირს უარს ათქმევინებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დაკარგვით შემოუბრუნდება.

რუსეთის გადაწყვეტილებაზე საქართველოს მთავრობის რეაქცია აშკარად არ მოეწონათ ევროკავშირსა და აშშ–ში. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა საკმაოდ მკაცრად ისაუბრეს ამასთან დაკავშირებით და შეახსენეს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში მიმდინარე ომი და საქართველოს მთავრობის ვალდებულებები, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვს ნაკისრი. თუმცა, როგორც ჩანს, თბილისში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ბალანსს შეინარჩუნებენ და სარგებელს მიიღებენ რუსული ჟესტისგან ისე, რომ დასავლეთთან წითელ ხაზებს არ გადაკვეთენ. მაგალითად, ოცნებაში ამბობენ, რომ საქართველოში მხოლოდ ის რუსული ავიაკომპანიები იფრენენ, რომლებიც დასავლეთის სანქციების სიაში არ არიან.

დაახლოების ხიბლი

„ქართულ ოცნებას“ მოსკოვთან დაახლოებით გაგრძელების ობიექტური მიზეზები ცოტა აქვს. დიახ, ამ პარტიის პროგრამულ პრინციპებში იმთავითვე იდო რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობები და კონფრონტაციის თავიდან აცილება. თუმცა, მმართველმა პარტიამ მთავარი ბენეფიტი უკვე მიიღო – საქართველო აღარ შეიყვანეს რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების სიაში. პრორუსული მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები კი დასავლეთთან დაუძაბავს ურთიერთობას და ქვეყნის შიგნით დიდ აღშფოთებას გამოიწვევს. სარგებელი კი, რაც მოსკოვიდან შეიძლება მიიღონ, საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება. 

რა სარგებლობა მოაქვს ევროპულ პერსპექტივას – გასაგებია. მისი ერთგულება „ქართულ ოცნებას“ სულ მცირე ხელისუფლების შენარჩუნების შანსებს გაუზრდის. მაგრამ რა შეიძლება შესთავაზოს ოცნებას მოსკოვმა?

ყველაზე მეტად ქართულ მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებში რუსეთის დათმობები აინტერესებს. თუმცა ჯერ ამის ნიშანწყალიც კი არ არსებობს. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ბოლოს აპრილის დასაწყისში გაიმართა, რომელიც კვლავ კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა და მხარეებმა თავშეკავებაზე შეთანხმება კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

მეტიც, აფხაზეთთან დაკავშირებით ყველაფერი კრემლის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე თვეა, მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობებს მთლად უღრუბლოს ვერ ვუწოდებთ. აფხაზ სეპარატისტებსა და კრემლს შორის დიდი ხანია სადავო საკითხები არსებობს, როგორებიცაა მაგალითად რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვა. შარშან კი, როდესაც სოხუმის სეპარატისტული მთავრობა როგორღაც დათანხმდა პიცუნდის სამთავრობო რეზიდენციის გადაცემას რუსეთისთვის, საზოგადოებაში პროტესტის ისეთი ტალღა აგორდა, რომ ე.წ. პარლამენტს ამ საკითხის რატიფიკაცია დღემდე არ გაუკეთებია. ამ საკითხზე კრემლის პირდაპირმა მუქარამაც არ გაჭრა, როდესაც აფხაზებს უთხრეს, რომ დახმარებას შეუწყვეტენ და სამხედრო ბაზას გაიყვანენ.

რუსეთთან თანამშრომლობის სხვა შესაძლო არგუმენტად საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური სარგებლის საკითხი შეიძლება განვიხილოთ. 2022 წლიდან საქართველოში ეკონომიკური ბუმია, რაც ნამდვილად პირდაპირ კავშირშია რუსეთთან, მაგრამ ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ რუსეთს საქართველოს მიმართულებით რაიმე მეგობრული ნაბიჯები გადაედგას.

გასულ წელს საქართველოს მშპ რეკორდულად – 10,1%–ით გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი ათობით ათასი რუსის საქართველოში მიგრაცია გახდა, რომლებიც ომსა და მობილიზაციას გაექცნენ. ასევე რამდენჯერმე გაიზარდა რუსეთიდან ფულადი გზავნილებიც. გასულ წელს ტურიზმიდან და რუსეთში საქონლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქვეყნის მშპ–ის თითქმის 15% შეადგინა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2021 წელს მხოლოდ 6% იყო.

შეცდომები და შეცდომები

მოსკოვთან პარტნიორობას ზოგადი ტოქსიკურობის გარდა სხვა დამაზიანებელი მახასიათებელიც აქვს. რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, სსრკ–ის პერიოდიდან დაწყებული, ძნელია იპოვოთ მდგრადი პარტნიორობის ხანგრძლივი პერიოდი. ყველაფერი მოხდა – სავაჭრო და ენერგეტიკული ემბარგოთი დაწყებული, ომით დამთავრებული. ადრე ქართული ოცნებაც შეეცადა მეტ-ნაკლებად სტაბილური ურთიერთობების დამყარებას, მაგრამ უშედეგოდ.

ერთ–ერთი ყველაზე იმედის გამაცრუებელი მცდელობა მოხდა 2019 წელს. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი მიიღო პარლამენტში და სპიკერის სავარძელშიც კი მოათავსა. მაგრამ მადლობის თქმის ნაცვლად მოსკოვი ამ ამბავთან დაკავშირებით აგორებულმა მძლავრმა საპროტესტო ტალღამ ისე აღაშფოთა, რომ პუტინმა მალევე საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

არ არის გამორიცხული, რომ მომავალში იგივე გამეორდება. მაგალითად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა რუს ტურისტებს, რომლებიც პირველი ავიარეისებით ჩაფრინდებიან თბილისში, „გულთბილ დახვედრას“ ჰპირდებიან. ამ შემთხვევაში, თუ საქმე უსიამოვნო ინციდენტებამდე მივა, მოსკოვის რეაქციას ვერავინ გათვლის.

საბოლოო ჯამში გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ სარგებელი მოსკოვთან დაახლოებით ბუნდოვანი და არაგარანტირებულია. ეს მაშინ, როდესაც რისკები გაცილებით თვალსაჩინოა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ვითარებას სწორედ ასე აფასებენ თავად „ქართულ ოცნებაში“, რომელიც შეცდომებს ერთი–მეორის მიყოლებით უშვებს.

აქვე თავს გვახსენებს საქართველოს ხელისუფლების მცდელობა მარტში ოდიოზური აგენტების შესახებ კანონის მიღების მცდელობა, რითაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი მოიგო, დასავლეთში და ქვეყნის შიგნით კი რეპუტაცია საფუძვლიანად შეელახა.

ან თუნდაც ახალი სკანდალი გასულ კვირაში, როდესაც „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების პარტიიდან გავიდა, რომლის ფრაქციაც ევროპარლამენტში სიდიდით მეორეა. ასევე ევროკომისიაში 27 წევრიდან 9 მათია, რომელთა რეკომენდაციებზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ პარტიასთან განშორების მიზეზი ის გახდა, რომ ევროპელმა სოციალისტებმა კონსერვატიული ძალების კონფერენციაზე, ვიქტორ ორბანთან, ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააკრიტიკეს.

ასე რომ, ყოველგვარი ობიექტური შეზღუდვებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, სრულად ვერ გამოვრიცხავთ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ საეჭვო გარიგებაზე წასვლას გარისკავს – ამჯერად მოსკოვთან. სხვა საკითხია, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ეს პარტია ხელისუფლებას, რომ ამ მიმართულებით სვლა განაგრძოს.

წყარო: carnegieendowment.org