თბილისი (GBC) - თბილისის მერიამ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 17 ივლისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით: „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ტერიტორიის შესწავლა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა გახდა მისი წყლით შევსება, რის გამოც, მან დაიწყო დაშრობა, რაც გლდანის მცხოვრებთათვის პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი წერილი შემოვიდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.  კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დაიგეგმა. იქედან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება“.

დედაქალაქის მერის თქმით, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებები.

„კერძოდ, ამ ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობა, რომელიც უნდა დაერთდეს ზემოაღნიშნულ წყალგამტარ გვირაბზე. აღნიშნული სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, მერის ინფორმაციით, ტბის შევსება ალტერნატიული მეთოდით განხორციელდება.

„გლდანის დიდი ტბა შეივსება მიმდებარე ფერდობებზე წარმოქმნილი ატმოსფერული ბუნებრივი წყლებით, რომელიც სანიაღვრე კოლექტორის მეშვებით ჩაეშვება ტბაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული ღონისძიებების დახმარებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის თეთრ ტბას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის მონაცემებით, ტბა ამ ტერიტორიაზე სულ მცირე 70 წელია არსებობს. 50-60-იან წლებში მისი ფართობი დაახლოებით 3 ჰექტარს შეადგენდა.

2015 წელს ტბის ზედაპირი ზღვის დონიდან 550 მეტრზე იყო, 2023 წელს კი 549 მეტრზე ჩამოვიდა, ანუ 1 მეტრით დაიწია. 2015 წელს წყლის სარკის ზედაპირის ფართობი თითქმის 37 ჰექტარს შეადგენდა, 2022 წელს - 28.2 ჰექტარს. დღეს ტბა წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს.

2023 წლის ივლისში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ტბის მდგომარეობა შეისწავლა - ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები. დასკვნაში წერია, რომ ტბის ზედაპირის უმეტესი ნაწილი წყალმცენარეებით არის დაფარული. ზოგიერთ ადგილზე შეიგრძნობა გოგირდწყალბადის სუნი. წყალი დაბინძურებულია, მაგალითად, ტოტალური კოლიფორმების [ბაქტერიები - რ.თ.] დასაშვები რაოდენობა 5 ათასია, გლდანის ტბაში კი 30 ათასზე მეტი აღმოჩნდა. დასაშვებ ზღვარს აღემატება სულფატების, ქლორიდების, ამონიუმის რაოდენობაც.