თბილისი (GBC) - თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით აღიმართება ერეკლე მეორეს ძეგლი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა.
„მეფე ერეკლე მეორის თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ქვეყნის ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივი მიაგოს საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს“, - აღნიშნა კობახიძემ.
„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერეკლე მეორეს თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ეროვნული გმირის, ერეკლე მეორისთვის პატივის მისაგებად,"- განაცხადა პრემიერმა.
ერეკლე II 1744-1762 წლებში კახეთის, ხოლო, 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე იყო.
ერეკლე II-ის მეფობის დროს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი (1783 წელს), გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის სამეფო ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის მფარველობაში.
შემდეგ იყო 1795 წელი, ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ.
საბოლოოდ, სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და გადაწვეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები დაავადებებით დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.
ერეკლე II-მ განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობებში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.