თბილისი (GBC) - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დღევანდელი განცხადებით, 14 ივლის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის კარნიზის ჩამონგრევასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს.

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება.

ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს.

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

14 ივლისს, საღამოს 7 საათისთვის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 1 პირი კი დაშავდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, გუშინ, მედიასთან განაცხადა, რომ კორპუსი ავარიული იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მისი თქმით, "ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს სახლის დაცლა და ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, თუმცა 100%-იანი თანხმობა არ შედგა".

კალაძემ შენობის ავარიულობის კატეგორიებთან დაკავშირებით 14 ივლისს ისიც თქვა, რომ მას მინიჭებული ჰქონდა, მეხუთე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, დღეს კი მედიასთან განაცხადა, რომ "აღნიშნული ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი მეხუთე კატეგორია. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა". 

მოქალაქეები ავარიული შენობის მდგომარეობის შესახებ ფოტო და ვიდეომასალას ერთი წლის წინაც აქვეყნებდნენ. მასალებში კორპუსის ავარიულობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. 

ინფორმაციისთვის, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე.