თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ განიხილება კომპანიის შექმნა, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს მოიზიდავს და გარკვეულ ფუნქციებს შეასრულებს. 

მისი თქმით, სომხეთის კანონმდებლობით დაშვებულია მშენებლობა. კომპანიას შეეძლება ფულის ჩადება გზებში, მილსადენებში, ელექტროგადამცემ ხაზებში. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ კი ეს ინფრასტრუქტურა ყველა შემთხვევაში გახდება სახელმწიფოს საკუთრება, განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ყველა ეს ვარიანტი ჯერ განხილვის საგანია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

აუთსორსინგის მაგალითებად ფაშინიანმა ზვარტნოცის აეროპორტი, სამხრეთ კავკასიის რკინიგზა და წყალმომარაგების სისტემა დაასახელა.

„რეგიონული კომუნიკაციების გახსნას ჩვენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სომხეთის იურისდიქციის ფარგლებში განვიხილავთ. ჩვენ გვაინტერესებს აზერბაიჯანთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, კავშირის უზრუნველყოფა სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში და მესამე ქვეყნებში, გვინდა წვდომა გვქონდეს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნებთან“, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, ერევანსა და ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე მისი პარაფირება შეუძლიათ. მისივე თქმით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის გზაზე სომხეთი არცერთ შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან.

„ჩვენ აზერბაიჯანთან განვიხილავდით, როგორ ვიაროთ წინ, როგორი საგზაო რუკა შეიძლება გვქონდეს. წინასწარი ხელმოწერის იდეაც დევს მაგიდაზე. ეს ერთ–ერთი განსახილველი საკითხია მოლაპარაკებების პროცესში“, – აცხადებს ფაშინიანი.

მანამდე, აშშ–ის ელჩმა თურქეთში ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, თავის თავზე აიღოს ზანგეზურის დერეფნის სატრანსპორტო კომუნიკაციების მართვა, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას, სომხეთის გავლით, მის ექსკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიასთან აკავშირებს.